ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მაია გუნცაძემ და პროგრამა INOGATE-ის წარმომადგენელმა თიმ მაკკანმა(Team McCann) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, „საქსტატი" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ენერგეტიკულ მონაცემთა ერთიან ბაზას შეიმუშავებს, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესს ხელს შეუწყობს.
სამუშაო პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამა INOGATE განახორციელებს, რომელსაც რეგიონში ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისათვის ევროკავშირი 1999 წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ექსპერტების ჩართულობით, „ენერგეტიკული სტატისტიკის სამოქმედო გეგმა" შემუშავდა. აღნიშნული გეგმით განისაზღვრა ენერგეტიკული სტატისტიკის განვითარებისა და ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების გზები, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ენერგეტიკული მონაცემების ერთიანი ბაზა შექმნას.ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროსა და „საქსტატის" ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში ინტეგრაციისათვის.