პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ინტერფრაქციულ ჯგუფთან სათანამშრომლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანზიაციებს იწვევს.
ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებს დააკვირდება 23 თებერვლის სესიაზე დამტკიცდება.
ჯგუფის ფორმატი დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციებისას განისაზღვრა. ინტერფარაქციული ჯგუფი 9 წევრიანი იქნება და მას ოპოზიცია უხელმძღვანელებს.
პარალმენტის თავმჯდომარე აქცენტს ინტერფრაქციული ჯგუფის გამოცდილებაზე აკეთებს და როგორც აღნიშნავს, მსგავსი ტიპის ფორმატმა კარგად იმუშავა წელიწადნახევრის წინ, აჭარის არჩევნების დროს. აღნიშნულ კონტექსტში საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი იმედოვნებს, რომ ასეთივე წარმატებული იქნება ახალი ინტერფრაქციული ჯგუფიც.
"საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული მოქმედება და ის, რომ მათ საკუთარი პრეტენზიების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდეთ როგორც ერთმანეთთან, ასევე ხელისუფელბის სხავდასხვა შტოებთან. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ინტერფრაქციული ჯგუფი. ეს არის ფორმატი, რომელიც ყველა პარტიას მისცემს საშუალებას უფრო დაგეგმილად და მწყობრად განახორციელოს საკუთარი ინტერესების დაცვა და კომუნიკაცია როგორც ცესკოსთან, ისე პარლმენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებათან", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ.
"ჩვენ შევეცდებით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი იყოს ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ძალა, ვინც დაინტერესებულია არჩევნების გამჭვივალედ ჩატარებისთვის", - აცხადებს ბაქრაძე.