2012 წელს TRACECA-ს მაგისტრალით 15 718,8 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდულია 7,4 მლმ ტონა ტვირთი, ანუ 2011 წელთან შედარებით 6,1%-ით ნაკლები, საზღვაო მაგისტრალით გადაზიდულია 8,3 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2011 წელთან შედარებით 0,5%-ით დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ TRACECA 13 სახელმწიფოს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა - TRACECA- და მის მიზნებად ტრანსპორტის ტრადიციული სახეობების - რკინიგზის, საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების, ტერმინალების - მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია, აგრეთვე, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ევროპულ დერეფანთან მიერთება განისაზღვრა.
1996-1998 წლებში პროგრამას მიუერთდნენ უკრაინა, მონღოლეთი და მოლდოვა, ხოლო მოგვიანებით - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.
ამჟამად განიხილება TRACECA-ს პროგრამასთან ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის მიერთების საკითხი.