პარიზში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა საფრანგეთის საექსპორტო კრედიტების დაზღვევის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ჟან-მარკ პილუსთან, რომელზედაც იმსჯელეს ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივაზე.
„საფრანგეთის საექსპორტო კრედიტების დაზღვევის სააგენტოში შედგა საქმიანი და კეთილგანწყობილი შეხვედრა. ესაა ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია როგორც ევროპაში, ისე მთელს მსოფლიოში, რომელიც საკრედიტო დაზღვევის სფეროში მუშაობს. სააგენტოს გენერალურ დირექტორს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, იმ მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, რომლებშიც საქართველოს წინა პერიოდში ჩამორჩენა ჰქონდა. კარგი ტენდენციაა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ აქვთ ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია, ისინი დადებითად აფასებენ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც დგამს ახალი ხელისუფლება ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც მოვისმინეთ პრეზენტაციის დროს. ყველაზე პოზიტიური სიგნალია ის, რომ ახალი მთავრობის ნებაა, მოხდეს დადებითი ცვლილებები ქართულ ეკონომიკაში და ჩვენი სააგენტოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული შეფასება გაუმჯობესდეს. აღსანიშნავია, გამჭირვალე და ღია გარემო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, რომელიც თქვენს ქვეყანაშია. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გააკეთოს ყველაფერი ბიზნესისთვის შესაფერისი კლიმატის შესაქმნელად, რაც ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს," - განაცხადა საფრანგეთის საექსპორტო კრედიტების დაზღვევის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარკ პილუმ.
შეხვედრის დროს ფრანგული მხარის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, სააგენტოს დელეგაცია ჩამოვიდეს საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას.