"მწვანეთა პარტია" წინასაარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმატებით, "მწვანეებს" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა თუ ვინ იქნება ის, ჯერჯერობით ჩამოყალიბებულნი არ არიან.
"თბილისი ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება, ვინაიდან აქ მერის არჩევნები პირველად ტარდება. ბუნებრივია, სერიოზულად ვფიქრობთ მერობის ჩვენს კანდიდატზე", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ამასთან, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს, "დაუჯეროს, რომ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია".
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ "მწვანეებმა" ოფიციალურად დღეს განაცხადეს.