საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კანდელაკის შეფასებით, კოსაჩოვის განცხადებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მიზეზს კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელთა ინტერესების დაცვა არ წარმოადგენდა.
"კოსაჩოვის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრის მიზეზი და მოტივი იყო არა ამ პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვა, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანის შეცვლა - საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების დამხობა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა", - განუცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებს აღნიშნულ კოსაჩოვის განცხადებაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ძალები იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე საქართველო პოლიტიკას არ შეცვლის.
"თბილისის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამას არ დათანხმდება, მითუმეტეს აგვისტოს ომის შემდეგ. სანამ თბილისი პოლიტიკას არ შეცვლის, ჩვენი ჯარები ამ რესპუბლიკების ტერიტორიაზე დარჩებიან და იქ მცხოვრებ ადამიანებს დაიცავენ", - განაცხადა კოსაჩოვმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კონფლიქტის ზონებში 3 600 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული და "მეტის განთავსების საჭიროება არ არსებობს".