ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგმა" "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე შემოწმება ჩაატარა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" პრესსსამსახურიდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საწვავის ჩასხმის სიზუსტე არის 100 %-იანი, ანუ მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ ოდენობის პროდუქციას, რა თანხასაც იხდის.
რაც შეეხება საწვავის ხარისხს (მოწმდება უშუალოდ აზერბაიჯანში წარმოებული საწვავი) "მონიტორინგის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე პროდუქტი - A-91 ტიპის რეგულარის ბენზინის საწვავი და L-62 ტიპის დიზელის საწვავი, საქართველოს მოქმედ სტანდარტებს შეესაბამება.
"მიმდინარე წელს აზერბაიჯანული საწვავი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ხარისხობრივად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბენზინი, სადაც ოქტანური რიცხვი, რომელიც საწვავის ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელია, შეადგენს 93 _ 93.5 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა ნაკლებ 91 ერთეულისა)", - აცხადებენ ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" პრესსამსახურში.