დღეს, 19 თებერვალს, 15:00 საათზე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, "კინოკლუბის" დარბაზში ჩატარდება ამერიკელი კინოპროდიუსერის - ჯიმ სტარკის მასტერკლასი.
ჯიმ სტარკი შარშანაც იმყოფებოდა თბილისში აშშ-საქართველოს 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში იგი სტუმრობდა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს "ამირანი" და გახლდათ ჟიურის საპატიო თავმჯდომარე.
ბატონი სტარკი უკვე 30 წელია მოღვაწეობს კინოს სამყაროში და არის არაერთი წარმატებული პროექტის (ფილმის) ავტორი. იგი თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც არის ჯიმ ჯარმუში. ბატონი სტარკი ძირითადად დაბალ ბიუჯეტიან ფილმებზე მუშაობს , როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და შესაბამისად მისთვის არ არის უცხო ის შეზღუდული პირობები, რაც ჩვენს ეროვნულ კინო სამყაროში გაგვაჩნია.
მასტერკლასის ძირითადი თემა იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ბატონი სტარკი ისაუბრებს, თუ როგორ გადავიღოთ კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იქნება ნაჩვენები კონკრეტული მაგალითები და საუბარიც იქნება ძალზედ კონკრეტული, საინტერესო და სასარგებლო.