აშშ-ის სამხედროებმა ირანის კუნძულ ქეშმზე შეზღუდული დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ CNN-ს სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ოპერაცია თავდაცვითი ხასიათის იყო და რეგიონში აშშ-ის ობიექტების დაცვას ისახავდა მიზნად.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის თავდასხმა ირანის მხრიდან ამერიკულ თვითმფრინავზე განხორციელებულ იერიშს მოჰყვა.
„ეს იყო თავდაცვითი ღონისძიება, რომელიც ირანელების მიერ ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტების გამოყენებას მოჰყვა“, - განაცხადა კიდევ ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
კიდევ ერთი ინფორმირებული წყაროს განცხადებით, ადმინისტრაციამ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია განზრახ არ გაასაჯაროვა, რათა ამ „თავდაცვითი ნაბიჯისთვის“ ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა. მისივე თქმით, დარტყმების მიზანი ამერიკული ობიექტების დაცვა იყო.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანთან მალე დასრულდება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, მომზადებულიყვნენ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის, რომელიც აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო.
The New York Times-ის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა არჩევნების შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების კონკრეტული გეგმები შეიმუშავეს.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალები მზად იყვნენ, დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან 96 საათის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ახალი, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაეწყოთ.