`ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან იქნება ისტორიული მნიშვნელობის სიახლე ევროპის მასშტაბით დემოკრატიული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში არსებულ თანამშრომლობაში~, - განაცხადა დღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა უმთავრესი გამომსვლელის რანგში მიმართვისას ბრიუსელში, ევროპული სტრატეგიის ცენტრში მიმდინარე ბრიფინგზე სტრატეგიის შესახებ, რომელიც გაიმართა თემაზე: `ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცება ევროპაში~. ამის შესახებ "ჯი-ეიჰ-ენს" საქართველოში ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიურომ აცნობა.
`ის რაც თანდათან თვალსაჩინო ხდება, ესაა მთლიანი კონტინენტის მომცველი ახალი სივრცე დიალოგის, თანამშრომლობისა და ურთიერთქმედებისათვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ევროკავშირი გლობალური მოთამაშე გახლავთ და მისი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის წყალობით, კვლავაც განაგრძობს ამ პროცესში წამყვანი როლის თამაშს. კონვენციასთან მისი მიერთება არათუ შეამცირებს მის მნიშვნელობასა და გავლენას, არამედ პირიქით. ევროპაში ყველას მიერ მიღებული წესების აღიარებით, ის უფრო მეტად განამტკიცებს საკუთარ ლეგიტიმურობასა და დარწმუნების ძალას~ - განაცხადა იაგლანდმა.
გენერალური მდივანი ბრიუსელში იმყოფება შეხვედრების გამართვის მიზნით ევროკავშირის ახალ კომისრებთან, ვივიან რედინგთან (ვიცე-პრეზიდენტი, მართლმსაჯულების, ძირითადი უფლებებისა და მოქალაქეობის საკითხებში კომისარი) და სესილია მალსტრიომთან (ოჯახურ საქმეთა კომისარი), რათა მომზადდეს ევროკავშირის სამომავლო მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
დღეს, ტორბიორნ იგლანდი შეხვედრას გამართავს ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.