"ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება.
"მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ვერ შესძლებს და ამას თუნდაც ის ფაქტორი განაპირობებს, რომ წარმოუდგენელია ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მაგალითად, ნოღაიდელის მოძრაობასთან ამ საკითხზე კონსულტაციები პირადად ჩვენ ვაწარმოოთ", - განუცხადა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა.
ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ვერც ის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ჰყავდეს მერობის ერთიანი კანდიდატი ალასანიას ალიანსსა და ნოღაიდელის მოძრაობას.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუჭირონ მათ ერთმანეთის კანდიდატებს მხარი, ისევე როგორც, მიჭირს, წარმოვიდგინო იმ პარტიებთან ურთიერთობა და კონსულტაციები, რომლებიც რუსეთში დარბიან და მზად არიან პუტინს ხელი ჩამოართვან და ქვეყნის ინტერესები მეორე პლანზე გადაწიონ", - განმარტავს ლალიაშვილი.
გარდა ამისა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მერობის ერთიან კანდიდატებზე ჩამოყალიბების შანსი ოპოზიციას იქამდე ჰქონდა, სანამ ცალკეული პარტიები საკუთარი კანდიდატების დასახელებას დაიწყებდნენ.
"დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმ სიტუაციიდან, რომელიც 6 თვის წინ იყო. მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხზე კონსულტაციები, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ჩავარდა, რადგან ცალკეული პარტიები გამოვარდნენ და მიყოლებით დაიწყეს მერობის საკუთარი კანდიდატების დასახელება", - აცხადებს დეპუტატი.