მიმდინარე წლის იანვარში მეორადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.4 %-ით, ხოლო 2008 წლის იანვართან შედარებით 26 %-ით გაიზარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, იანვარში სულ 9 090 მეორადი ავტომობილი გაიყიდა.
მთლიანად ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია გასული წლის იანვართან შედარებით წელს, 4 %-ით შემცირდა, თუმცა, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9 %-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მეორადი უძრავ ქონების შესყიდვებს, ამ მიმართულებით იანვარში განხორციელებული ტრანზაქცია რეკორდულად მაღალია და 17 ათას ერთეულს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 40 %-ით აღემატება.
გირაოთი კრედიტის გაცემა კი, 60 %-ითაა გაზრდილი. მთლიანად უძრავი ქონების რეგისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32.2 %-ით გაიზარდა.
თბილისის მერიამ კი, იანვარში მშენებლობის 215 ნებართვა გასცა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 150 %-ით აღემატება.