ამომრჩეველთა სიის მხოლოდ ორკვირიანი მონიტორინგის შედეგად სიიდან 90370 მოქალაქის ამოღება მოხდა.
სიის მონიტორინგის პირველადი შედეგები დღეს მედიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ერთად გააცნეს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2010 წლის 1 თებერვლისთვის 3 677 795 მოქალაქის მონაცემი გადასცა, მისი დამუშავების შედეგად კი, ამ ეტაპისათვის ბაზაში 3 587 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის მონაცემია წარმოდგენილი.
მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ მოქალაქეთა კატეგორიაშია: აფხაზეთიდან დევნილი (სტატუსის გარეშე) უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ სხვა ქვეყნის მისამართი აქვთ მითითებული და გარდაცვლილები.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს აღნიშნული მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია პოლიტიკური პარტიებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვისაც გაიმართა.
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგისათვის ცესკო ნებისმიერ დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასა თუ მოქალაქეს მონაცემთა ბაზას გადასცემს. ამჟამად მონიტორინგის პროცესში ჩართულია 12 კვალიფიციური და 2 არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი.