საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის შეფასებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტმა "ძლიერი შთაბეჭდილება არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაზე, არამედ ოკუპანტ რუსეთზეც" მოახდინა.
"როგორც ჩანს, საქართველოს მიერ შეთავაზებულმა სახელმწიფო სტრატეგიამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებზე, არამედ თვით ოკუპანტ ქვეყანაზეც. სწორედ ამიტომაც, იმ პოზიტიური მუხტის გასანეიტრალებლად, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია ატარებს, რუსეთის მხარე ცდილობს ტრადიციული დემაგოგიის მოშველიებით დაამახინჯოს ამ დოკუმენტის ჭეშმარიტი მიზნები და ეჭვს ქვეშ აყენებს საქართველოს მხარის მიერ შეთავაზებულ მშვიდობიან, კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაოცებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მისწრაფების გამო მოახდინოს ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაცია და დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა რუსეთის "გაკვირვება" გასაგებია, ოკუპანტი ქვეყნისაგან სხვას არც არაფერს უნდა ველოდეთ. მოსკოვს, ძალზე აღიზიანებს და წონასწორობიდანაც კი გამოჰყავს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს იმ ე.წ. "ახალ" ანუ რუსეთის ვირტუალურ რეალობას, რომლის დამკვიდრებასაც მსოფლიო თანამეგობრობის ცნობიერებაში რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, სამხედრო ძალისა და ეთნიკური წმენდების გამოყენებით ცდილობს", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველოს რეინტეგრაცია უნდა განხორციელდეს ორად გახლეჩილ ხალხს შორის უშუალო დიალოგის მეშვეობით, ჰუმანიტარული, კულტურული, სპორტული და სხვა კონტაქტების საშუალებით.
"ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ბ-ნი კარასინი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითქოსდა საქართველოს მხარე არანაირ დიალოგს არ აპირებს, რაც რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან ჭეშმარიტების დამახინჯების მორიგი მაგალითია. არ ვაპირებთ ბ-ნი კარასინის იმ განცხადებების კომენტირებას, რომლებიც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ფაქტებს, რადგანაც ჭეშმარიტი სურათი იმისა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ სრულიად ნათელია და ეს ინტერვიუც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს - ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ რუსეთი არის ის მხარე, რომელიც მარიონეტული რეჟიმების დახმარებითა თუ საკუთარი დესტრუქციული პოზიციის საშუალებით ამუხრუჭებს და ბლოკავს ქართული მხარისა და საერთაშორისო მედიატორების სამშვიდობო პროცესისათვის შესაბამისი იმპულსის მისაცემად მიმართულ ყველა ინიციატივას. და ბოლოს, ბ-ნი კარასინის ინტერვიუში მკაფიოდ და არაორაზროვნად იქნა გაჟღერებული მითითება მარიონეტული რეჟიმებისადმი - არავითარ შემთხვევაში არ განიხილონ საქართველოს მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი. მაგრამ, საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთი თავის ნებას ვერ უკარნახებს", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟურნალ "ოგონიოკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას "კომედია" უწოდა.