სეპარატისტულ აფხაზეთში სირიიდან ე.წ. რეპატრიაციის პროცესი გრძელდება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათმა ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტმა სირიიდან "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების" 126 განაცხადი მიიღო. აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
"რეპატრიაციის პროცესი გრძელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენთან დაბრუნების შესახებ 126 განაცხადი შემოვიდა.
ამჟამად ჩვენ ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტს იმისათვის რათა ჩვენმა ძმებმა რუსული ტრანზიტული ვიზების მიიღონ. მინდა ავღნიშნო, რომ ამ საქმეში ჩვენ დიდ დახმარებას გვიწევს რუსეთის ფედერაციის საელჩო აფხაზეთში",_ განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთი განყოფილების უფროსი ინარ გიცბა.
შეგახსენებთ, რომ თავად აფხაზური მედიის ინფორმაციით, სირიიდან აფხაზეთში უკვე დაბრუნდა 150 ადამიანზე მეტი. მრავალი მათგანი უკვე სამუშაოთი უზრუნველყოფილია. დაბრუნებულთა ახალგაზრდა თაობა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ განყოფილებაში სწავლობს. ბავშვები სოხუმის საშუალო სკოლებში სწავლობენ და ბაღებში დადიან.