ცხინვალიდან ათი კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ დამპალეთს მგლები შეეჩვივნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ოსი სეპარატისტები ავრცელებენ. სოფლის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენია გაგლოევა აცხადებს, რომ მგლები ამ სოფელში წინა წლებშიც მრავლად იყვნენ, თუმცა მიმდინარე ზამთარს მათმა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. იგივე მდგომარეობაა მეზობლად მდებარე სოფელ მონასტერში.
გაგლოევას თქმით, მგლები ძალიან ხშირად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს და თავად სოფლის მცხოვრებლებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. "ადგილობრივები რეგულარულად ხედავენ მგლებს დღისით სოფლის ახლოს. ხოლო როდესაც შებინდდება მგლები სოფელში შემოდიან და შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. ამიტომაც შებინდებისას ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადასვლა უკვე საშიში გახდა",- აცხადებს გაგლოევა.
მისივე თქმით, სოფლის მცხოვრებლები თავად ნადირობენ მგლებზე თუმცა მხოლოდ მათი ძალები უკვე არასაკმარისი. გაგლოევა ასევე აცხადებს, რომ სოფლის მცხოვრებლებმა მიმართეს შესაბამის ორგამოებს და დახმარება სთხოვეს, თუმცა მათგან არავითარი პასუხი დღემდე არ მიუღიათ.