რუსეთის ფედერაციის უშიშრობის საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონის ინსპექტირების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ნურგალიევს თან ახლავს რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ვერეშაგინი.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრამდე ნურგალიევი გალის რაიონში ჩავიდა. ნურგალიევი მდ. ენგურზეც იმყოფებოდა და იქ არსებული ე.წ. საკონტროლი-გამშვები პუნქტი მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ნურგალიევის განცხადებით, რუსული დელეგაციის წევრებმა გალის რაიონში ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს.
მისივე თქმით, რაიონში შესამჩნევი ცვლილებები ხდება. ნურგალიევმა ასევე განაცხადა, რომ ენგურზე მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტი "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის მოთხოვნებს შეესაბამება".
"მდინარე ენგურზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი თანამედროვე დონეს შეესაბამება, ხოლო რუსი და აფხაზი მესაზღვრების თანამშრომლობა მართლაც წარმატებულია", _ განაცხადა ნურგალიევმა.
მასალის გამოყენების პირობები