,,ციხეებიდან კანონიერი ქურდების გამოშვება კრიმინალურ ვითარებას უფრო დაამძიმებს", _ განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა.
,,მე მინდა ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით ციხებიდან უკვე დაიწყეს გამოსვლა კანონიერმა ქურდებმა. იმ ფონზე როცა ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში მკვეთრად გაუარესდა კრიმინალური სიტუაცია და ამას არ სჭირდება სტატისტიკა და ამას თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ თბილისისა და რაიონების ქუჩებში. ამ ფონზე კანონიერი ქურდების გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოში კრიმინალურ ვითარებას", -განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგია საქართველომ დაკარგოს ის მონაპოვარი, როცა კანონიერი ქურდებისგან თავისუფალი იყო.
,,მე არ მინდა საქართველო ძველ, ბნელ დროში დაბრუნდეს, როცა ჩვენი და ჩვენი შვილების საქმეებს კანონიერი ქურდები არჩევდნენ", _განაცხადა მერაბიშვილმა და მთავრობას მოუწოდა ქვეყანაში ქურდების ბატონობა არ დაუშვას.