არაერთგზის ვნახეთ, სამწუხაროდ, ე.წ. ლიდერებმა რადიკალურ აქციაზე ბევრი ახალგაზრდა – და არამხოლოდ ახალგაზრდა – შეიყვანეს შეცდომაში. მოუწოდეს: ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, შტურმით ავიღოთ პარლამენტი, მერე ჩაადენინეს დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მიატოვეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ახალგარზდებს აბულინგებენ, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ, მომავალი ცხოვრება მაინც მოაწყონ და ცდილობენ, მათ შორის, გარიგებაში შევიდნენ სახელმწიფოსთან.
„ზუსტად ეს არის, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, მათ შორის, ახალგაზრდებს, ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ. ეს არის მათი სტილი და ეს მაინც ხომ უნდა გამოდგეს პრაქტიკულ მაგალითად, მომავალში აღარ დაუშვან ასეთი შეცდომები. ლოგიკისგან ყოველთვის შორს იყო „ნაცმოძრაობა“ და ამას ადასტურებდნენ კიდეც, რომ შინაარსში არ შევიდეთო. გვახსოვს ჯაფარიძის განცხადება: შინაარსი ჩვენი საქმე არ არისო, შინაარსით ისინი გველაპარაკებიან და რასაც გვეტყვიან, მხოლოდ ის ვიყვიროთო. არსებობს ლოგიკა, რომელსაც არ მისდევს „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ხომ არსებობს ლოგიკა. ლოგიკაა, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების მიზანი არასდროს ყოფილა აქციაზე გამოსული პირების დაკავება, თუ არ ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, დანაშაულს – პოლიციას რომ შეეწინააღმდეგები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი. ჩვენ გვახსოვს მაგალითიც, ერთ-ერთ აქციაზე არ მივიდა პოლიცია, იმიტომ, რომ არ იყო იქ ძალადობრივი აქცია. ეძებდნენ, სად არისო პოლიცია, რატომ მოდიან პროვოკაციაზეო. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, პოლიცია რომ არ გამოვიდა, რატო არ გამოვიდა პოლიციაო. მიზანი ჰქონდათ, ეს ახალგაზრდები შეესიათ პოლიციელებისთვის, რაც მეტს დაიჭერდნენ, მერე სათქმელი ექნებოდათ თავიანთი პატრონებისთვის, ხედავთ, რა ხდება საქართველოში?! იტყოდნენ – დააპატიმრეს აქციის მონაწილეები და ასე შემდეგ. ეს საკენკი უკვე მოუძველდათ. ვინც თქვა, სახელმწიფოსთან შევა გარიგებაში, ისინი არიან თავისუფლები. მიზანი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, არც იქნება ამ ახალგაზრდების დაკავება, ოღონდ, ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ უნდა ჩაიდინონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.