"ერგნეთის ბაზრობის გახსნის თემა - უნდა დაიხუროს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი. მისივე თქმით, არავითარ საზღვრისპირა ვაჭრობაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საუბარიც კი არ შეიძლება და ეს თემა დასახურია.
"საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არავითარ საზღვრისპირა ვაჭრობის აღდგენაზე, ერგნეთის ბაზრის გახსნაზე საუბარიც კი არ შეუძლება და ეს თემა უნდა დაიხუროს.
ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამ ინიციატივას მხარდაჭერა აქვს სამხრეთ ოსეთის მთავრობისაგან არავითარი საფუძველი არ აქვს და ეს მხოლოდ მოარული ხმებია რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან საზღვრისპირა ვაჭრობის აღდგენა სამხრეთ ოსეთს დიდი ზიანის მეტს არაფერს მოუტანს",_ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, საქართველოსთან ვაჭრობის აღდგენა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ემუქრება.
"იმ პირობებში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს სამხრეთ ოსეთის მიმართ მტრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჩვენი დამოუკიდებლობის მოსპობისაკენ და მისთვის საერთაშორისო არენაზე სირთულეების შექმნისაკენ, აღნიშნული ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას პირდაპირ ემუქრება.
საქართველომ არა თუ გაკვეთილი გამოიტანა სულ ახლახანს მომხდარი ომისგან, არამედ აქტიურად აგრძელებს შეიარაღებას. აქ რევანშისტური რიტორიკა გრძელდება. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს განცხადებების კეთებას, რომ არ აღიარებს როგორც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ასევე სახელმწიფო საზღვარს ჩვენს შორის", - აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე ღრმა რწმენით, თუ სეპარატისტები ერგნეთის ბაზრის გახსნას დასთანხმდებიან ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ ისინი თავად არ აღიარებენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს.
"ჩვენ რომ ერნეთის ბაზრის გახსნას დავთანხმდეთ, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ თავად არ ვაღიარებთ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს, რომლის არსებობაც და მისი დაცულობაც სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. პირველი ბარიერი - სახელმწიფო საზღვარია. მის იქითა მხარეს არიან ისინი, ვინც ანგრევდა ჩვენს ქალაქს, წვავდა ჩვენს სოფლებს და კლავდა ჩვენს დებსა და ძმებს და ისინი ვინც ჩვენი სამშობლოს "სუფთა ველად" გადაქცევას ლამობდა. მათ თავიანთ განზრახვებზე უარი დღემდე არ უთქვამთ.
სად არის გარანტია იმისა, რომ მოვაჭრეების ნიღბის ქვეშ საქართველოდან არ იქნებიან აქ შემოგზავნილი დივერსანტები და ტერორისტები? ამ პირობებში რა თქმა უნდა არასწორად მიმაჩნია ერგნეთის ბაზრის გახსნა და საზღვრის წაშლა", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
ამასთად ერთად, ჩოჩიევი ასეევე აღნიშნავს, რომ სეპარატისტებისათვის ასევე მიუღებელია ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეების ფული საქართველოს მწარმოებლებისა და მოვაჭრეების მხარდასაჭერად მიდიოდეს, "რომელიც კლავდა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოქალაქეებს და რუს და ოს სამხედროებს".
მასალის გამოყენების პირობები