საპარლამენტო ოპოზიცია დანიის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და როგორც მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უმცირესობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, დანიელ სტუმრებს რუსეთის მიერ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
როგორც უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, დანია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.
თარაგმაძის თქმით, ქართული მხარე არ ელის, რომ რუსეთი ვალდებულებების უგულვებელყოფის გამო რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან გაირიცხება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა კოლეგებმა რუსეთის ქმედებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს და მის მიერ აღებული ვალდებულებები შესრულდეს.
აღსანიშნავია, რომ დანიის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსხვავებლი პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა და ზურაბ ნოღაიდელის გუნდის წევრმა პეტრე მამრაძემ.
მამრაძემ აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომი საქართველოს ხელისუფლების "ავანტიური პოლიტიკის" შედეგია.
შეგახსენებთ, რომ დანიის სამეფოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია თბილისში დღეს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები დღეს პარალმენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც უნდა შეხვედროდენ, თუმცა შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.