"გაერთიანებული ტელეკომის" უსადენო ქსელში ბაკურიანიც ჩაერთო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "გაერთიანებული ტელეკომიდან" აცნობეს, უკაბელო ქსელის გასაფართოვებლად დამატებით სადგურები ამოქმედაა. ამ ეტაპზე სამი ახალი სადგური ბაკურიანში, თელავსა და ფოთში დამონტაჟდა.
აღნიშნული სადგურების ამუშავებამ ბაკურიანის მოსახლეობას საშუალება მისცა ჩაერთოს CDMA უკაბელო ქსელში და ისარგებლოს მაღალხარისხიანი სერვისით.
ფოთსა და თელავში უკაბელო სერვისით მომხმარებლები 2008 წლიდან სარგებლობენ. ახალი სადგურები უზრუნველყოფს არსებული ქსელის ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმადობის გაზრდას. ამიერიდან აღნიშნულ ქალაქებში დამატებით ათასობით აბონენტის ჩართვაა შესაძლებელი.
კომპანია ასევე გეგმავს თბილისში 20 ახალი სადგურის მონტაჟს, რაც თბილისის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და ასევე შესაძლებელი იქნება დამატებით აბონენტების აყვანა.
ამჟამად კომპანია ქვეყნის მასშტაბით ათეულ ათასობით აბონენტს ემსახურება უკაბელო სერვისით. მომხმარებლების მიერ დავალიანებას დაფარვა კომპანიის სერვის-ცენტრების გარდა, ბანკებსა და ტერმინალებშიც მიმდინარეობს.
კომპანია "გაერთიანებული ტელეკომი" დიფერენცირებული ტარიფების შემოღების მიუხედავად, კვლავ ულიმიტო კავშირით გამოირჩევა ბაზარზე. სამი არსებული პაკეტიდან მომხმარებელი მისთვის სასურველს ირჩევს: 5 ლარიანი პაკეტის არჩევისას აბონენტს უწევს სააბონენტო 5 ლარის გადახდა, სარგებლობს 200 წუთიანი ლიმიტით შიდა ქსელებზე სასაუბროდ(ლიმიტის ზემოთ წუთი 1 თეთრი), მობილურ ოპერატორებთან საუბრობს 25 თეთრად, ხოლო სხვა ფიქსირებულ ქსელთან-6 თეთრად. 7 ლარიანი პაკეტის არჩევის შემთხვევაში უფასოა შიდა ქსელებზე საუბარი, მობილურ ოპერატორებთან კავშირის საფასური-20 თეთრი, ხოლო სხვა ფიქსირებულ ოპერატორებთან 6 თეთრია. ეკონომ-პაკეტის სააბონენტო ღირებულება 15 ლარია, შიდა ქსელებზე საუბარი უფასოა, მობილურ ოპერატორებთან კავშირი 15 თეთრი, სხვა ფიქსირებულ ქსელთან საუბარი კი 4 თეთრი ღირს. ამავე ტექნოლოგიის ინტერნეტით სარგებლობისთვის დაწესებულია ტარიფი 1წთ/1თეთრი.
ქსელის განვითარების და ქვეყნის სრული მასშტაბით დაფარვის მიზნით, კომპანია გეგმავს ახალი მობილური კავშირის და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დანერგვასაც, რომელიც ასევე CDMA ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ახალი მობილური ქსელი სახლის ტელეფონის პრინციპზე იქნება აგებული, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის "მობილურ" კავშირს.