ოკუპირებულ აფხაზეთში „კანონიერი ქურდი" ასტამურ გულია (ასტიკ სუხუმსკი) მოკლეს. გულია ასლან უსოიანის (დედ ჰასანის) მტრების რიცხვში შედიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაშა აბხაზია" ავრცელებს.
31 წლის გულიაზე თავდასხმა სოხუმის ქუჩაში მოხდა. „კანონიერი ქურდთან" მანქანა მივიდა, საიდანაც მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის ზუსტი თარიღი არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილია, რომ გულია საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
გულიამ „კანონიერი ქურდის" სტატუსი 2012 წლის 10 დეკემბერს, დუბაიში მიიღო, სადაც ქურდების „თავყრილობა" გაიმართა. შეხვედრაზე 15 ახალი ქურდი იქნა „კორონირებული", რაც უსოიანის გამოწვევად შეაფასეს. დუბაიში უსოიანს მისმა მოწინააღმდეგეებმა „ძალა აჩვენეს". დუბაის შეკრების შემდეგ, უსოიანის გარემოცვამ „ახალკორონირებულებზე" ნადირობა გამოაცხადა. სიტუაციის დასარეგულირებლად, დეკემბრის ბოლოს მოსკოვში „დედ ჰასანის" ორი არაკეთილისმსურველი - მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) და ჯემო მიქელაძე (ჯემო) ჩავიდნენ. კრიმინალური სამყაროს ანალიტიკოსების აზრით, უსოანის სიკვდილის შემდეგ (რომელმაც მემკვიდრე არ დატოვა), კრიმინალურ სამყაროში ძალაუფლებისათვის ბრძოლა დაიწყო, ხოლო გულიას სიკვდილი, სავარაუდო, უსოიანის მკვლელობისთვის შურისძიებაა.