საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაციის ხელმძღვანელობამ საცურაო აუზ „ოლიმპიკში" ახალი სეზონის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა - დავით რურუამ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - ვლადიმერ ისელიძე წარადგინა.
ჟურნალისტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ - სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბარი იყო თბილისში გასამართი ეროვნული და 19-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ეროვნული ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-7 აპრილს თბილისში დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
19-წლამდელთა ნაკრები კი 9-12 მაისს ასევე თბილისში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იბრძოლებს გერმანიის, ჰოლანდიის, მოლდოვასა და სლვაკეთის ასაკობრივ გუნდებთან ერთად.