თბილისს საქმიანი ვიზიტით ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ("ფიდე") გენერალური მდივანი იგნატიუს ლეონგი ესტუმრა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში 18 იანვარს სამინისტროში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ლევან ყიფიანს და მის მოადგილეებს - ზურაბ აზმაიფარაშვილს და თამაზ თევზაძეს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს 16 წლამდე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობა.
დღესვე, იგნატიუს ლეონგი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე სომხეთის ქალაქ წაჰკაძორში დაგეგმილ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე გაემგზავრნენ.