ბერლინალეს ფორუმის პროგრამაში ნანა ექვთიმიშვილის და სვიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეების" პრემიერა გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ლიკა ბაბლუანი, მარიამ ბოკერია, თემიკო ჭიჭინაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ბერტა ხაფავა, ანა ნიჟარაძე, ზაზა სალია, ენდი ძიძავა, მარინა ჯანაშია და სხვები.
ფილმში მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება და ფილმის მთავარი პერსონაჟები ორი თოთხმეტი წლის გოგონა ეკა და ნათია არიან. მათი ცხოვრება სახლს, სკოლას, ქუჩას და პურის რიგს არ სცდება. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ, კლასელები და საუკეთესო მეგობრები არიან და თითოეულის ოჯახური ცხოვრებაც სირთულეებითაა მოცული. მათ პირველად ცხოვრებაში, ისეთ საკითხებთან უწევთ შეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, შურისძიება... ფილმში ასახულია თუ რა გამოწვევების წინაშე დგებიან ფილმის მთავარი გმირები და რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი.
ფილმი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ფილმს სუბსიდირება გაუწია საქართველოს ეროვნულმა ცენტრმა და ფილმისათვის 250 000 ლარი გამოყო. ხოლო კოპროდუსერები არიან გერმანიისა და საფრანგეთის ტელეარხები ZDF და ARTE; ფილმს აგრეთვე სუბსიდია გაუწია გერმანიის და საფრანგეთის კულტურის სამინისტროების სახელმწიფო ფონდებმა.
წელს ბერლინალეზე ფორუმი თავისი ოფიციალური პროგრამით ორმოცდამესამეჯერ წარდგება. ფორუმის სექციას 1971 წლს ჩაეყარა საფუძველი და ამ სექციაში ნაჩვენები იყო ქართული ფილმები: ოთარ იოსელიანის "პასტორალე"(1982),სერგო ფარაჯანოვის "ამბავი სურამის ციხეზე"(1987) . ხოლო ამ სექციაში ქართული ფილმი ბოლოს 20 წლის წინ წარდგა, ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე".
გოჩა მირცხულავა