„ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა 2013 წლის ზაფხულიდან მიუნხენის „ბავარიას" ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ტვიტერზე განთავსდა. გვარდიოლას კონტრაქტი მიუნხენელებთან მოქმედებას 2013-14 წლის სეზონიდან დაიწყებს და 2016 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. „ბავარიის" ამჟამინდელი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი კი კარიერას ამ სეზონზე დაასრულებს.
გვარდიოლამ „ბარსელონა" გასული სეზონის დასასრულს დატოვა. თავისი გადადგომა მან სამწვრთვნელო საქმიანობიდან დასვენების აუცილებლობით ახსნა. „ბარსელონა" გვარდიოლას დროს ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელმა შემდეგ სეზონზე, შესაძლოა, ერთ-ერთ ინგლისურ კლუბს უხელმძღვანელოს, ან იტალიურ „მილანს". განიხილებოდა გვარდიოლას ბრაზილიასა ან ჩილეში გადასვლის შესაძლებლობაც.