,,პრეზიდენტის სამეგრელოში გადასვლის პოზიტიური ფუქნცია გაუგებარია", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამეგრელოში შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ინციატივა საფრთხის შემცველია.
,, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის ყველა ინიციატივა საფრთხის შემცველია სწორედ იმ მიმართულებით, რასაც დასავლელი პოლიტიკოსები ეძახიან კოჰაბიტაციას. კერძოდ, პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯებს რომლითაც ცდილობს სირთულეები შეუქმნას საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრიობასა და მის მართვას. პრეზიდენტის სამეგრელოში გადასვლის პოზიტიური ფუქნცია გაუგებარია, მაგრამ ნეგატიური პოტენციალი იგივეა, რაც ხშირად მომხდარა და რუსულ პოლიტიკაშიც ჩადებული იყო, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთმანეთისგან გამიჯნულიყო. გახსოვთ, ზვიადის პერიოდში გაივლო ანალოგიური სადემარკაციო ხაზი. სააკაშვილმა თუ იგივე მიმართულებით მოისურვა მოქმედება და თუ ასეთი ჩანაფიქრი აქვს, სამწუხაროა", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა საქართველოს იმიჯზე დადებითად იმოქმედებს.
,,იმ რიტორიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც სააკაშვილი იყენებს მმართველი პოლიტიკური ძალის ,,ქართული ოცნების" მიმართ გასაკვირი არაა, პრეზიდენტის მხრიდან ანტიოცნებისტური ნაბიჯები მიზანმიმართულად ხორციელდებოდეს. საქართველოში ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი დიქტატურის ნიშნებს კითხულობდა, უბრალოდ ამ მიმართულებით პოლიტკური შეფასების გაფორმება არ აწყობდათ, რადგან თვითონ უკრავდნენ ტაშსს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, საქართველო თუ სიმართლეს დაუბრუნდება კარგია, რადგან სიმართლის თქმას პატივს ყოველთვის სცემენ. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს ყოველთვის მოუხდება", _განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს. როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები