საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება ამნისტიის გამოცხადების შედეგად უკვე დატოვა. იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
"აღელვებული ვარ დღევანდელი მომენტით. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა პატიმრებიც დატოვებენ. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონო პატიმარია. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, მე დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში", - განაცხადა გიორგი დემეტრაძემ და აღნიშნა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა , თუმცა ფიზიკურ ზეწოლას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე 2010 წლის 8 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძესა და დავით ფეიქრიშვილს, მათ შესაბამისად, 8- და 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემეტრაძესა და გაგნიძეს დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთმევათ ქონება და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა (დემეტრაძის შემთხვევაში 30 000 აშშ დოლარი; დავით გაგნიძის შემთხვევაში 10 700 აშშ დოლარი), რაც სახელმწიფოს გადაეცემა. რაც შეეხება ფეიქრიშვილს, მას დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. "მაზავშიკებთან" მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ, "ქურდულ საერთოში", იყრიდა თავს. სწორედ "სავალდებულო თანხის" გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება.
საქმის არსებითი განხილვის პროცესში განსასჯელის დაკავების გამო, სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ყიფიანის მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. სასამართლო სდომაზე ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულ იქნა: წარმოდგენილი ოპერატიულ-საძებრო ღონისძიებების და საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. საქმე ამ დროისთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.