გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის ინსპექციის ახალი უფროსი ლევან მხეიძე წარადგინა.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ სამინისტროს გარკვეულ სტრუქტურებში არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი - იყო კორუფციული გარიგებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ გასატარებელია გარკვეული სისტემური და საკადრო ცვლილებები. მინდა წარმოგიდგინოთ გარემოს დაცვის ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი ლევან მხეიძე, რომელსაც საზოგადოება და მასმედია კარგად იცნობს. მას საჯაროდ ვუცხადებ ნდობას, ჩვენ ერთობლივი შრომით მოვახერხებთ იმას, რომ გარემოს დაცვის ინსპექციაში დამყარდება წესრიგი და იქნება კონკრეტული წინსვლა" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინსპექციის უფროსის თანამდებობა 4 ნოემრბიდან ვაკანტურია. სამინისტრო გარემოს დაცვის ინსპექციაში დაწყებულ რეფორმებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რაც სტრუქტურის სრულ ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
„ძალიან საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა ბატონი მინისტრისგან, ქვეყნის ხელისუფლებისგან. დიდი იმედი მაქვს, მათ შორის ის ხალხი, ვინც დღეს მუშაობს გარემოს დაცვის ინსპექციაში, დამეხმარებიან რეფორმებისა და ცვლილებების გატარებაში" - განაცხადა ლევან მხეიძემ.