დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი პატარძეულში იმყოფებოდა, სადაც შპს. ლაგუნას კუთვნილ სათბურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
"ამ სათბურებში მოყვანილი ბოსტნეულით ძირითადად ქალაქის მოსახლეობა მარაგდებოდა. ერთის მხრივ, ჩვენი მიზანია შევქმნათ დარგობრივი ასოციაციები, რომ ამ და სხვა დარგებს მეტი ყურადღება მიექცეს. ასოციაციის წევრებს საშუალება ექნებათ სახელმწიფოსთან მოიტანონ ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ, რათა ერთობლივად მოხდეს მათი მოგვარების გზების გამონახვა, მეორეს მხრივ კი ასოციაციას ექნება საშუალება მათ მომწოდებელთან, ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიმწოდებელთან წარსდგნენ და ფასის შემცირების შესაძლებლობები განიხილონ. ამ გზით სათბურების მფლობელები დანახარჯების შემცირებას შეძლებენ, რაც თავისთავად მათ პროდუქციას გააიაფებს", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
სათბურების მფლობელი შპს. ლაგუნას წარმომადგენლის, იოსებ ჩოლოყაშვილის თქმით, გაზის სიძვირე უმთავრესი პრობლემაა და თუ ფასის შემცირება მოხერხდა, ეს სასათბურე მეურნეობების განვითარების მთავარი წინაპირობა იქნება.
პატარძეულის 4000 კვადრატული მეტრის ფართობის სათბურებში 30 ადამიანია დასაქმებული.