პარლამენტი შემოსავლების სამსახურში კონტროლისა და მომსახურების ფუნქციების მკაცრად გამიჯვნას ითხოვს.
საკითხი უმრავლესობის მხრიდან დღევანდელ სესიაზე "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შესახებ" კანონის განხილვისას დაისვა.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა, მთავრობის იდეა, რომ შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდეს, დადებითი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს "მომსახურების ეფექტურობის და მობილობის საშუალებას იძლევა".
თუმცა, გოდაბრელიძე აქცენტს იმაზე აკეთებს რომ, დაუშვებელია კონტროლისა და მომსახურების მექანიზმის ერთ ხელში ყოფნა და ითხოვს, რომ აღნიშნულ ფუნქციებს შორის გავლებული იქნას მკაფიო ზღვარი.
აღსანიშნავია, რომ გოდაბრელიძის შენიშვნას სხდომის თავმჯდომარე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც დაეთანხმა და მთავრობის საპარალმენტო მდივანს პარლენტთან კონსულტაციების გაგრძელება ურჩია.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დღეს მეორე მოსმენით მოხდება. მესამე მოსმენისთვის კი აღნიშნული საკითხიც გარკვეული უნდა იყოს.