მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს სოლიდარობას უცხადებს.
"სააკაშვილის რეჟიმი განაგრძობს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე თავისუფლად მოაზროვნე ჟურნალისტების დევნას. სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტარულმა ბუნებამ აიძულა ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, შვეიცარიისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. სტუდია "რეპორტიორის" დამფუძნებლის ეს ნაბიჯი განაპირობა იმან, რომ ჩვენს ქვეყანაში იზღუდება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა, საფრთხე ექმნება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - ნათქვამია ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "კომახიძის მიმართ მუქარა, დევნა და თვალთვალი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ჟურნალისტი ცხინვალში ჩავიდა და რეგიონის საკითხებზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა".
"სიმბოლურია ისიც, რომ ჟენევაში მიმავალ ვახტანგ კომახიძეს თბილისის აეროპორტში "გაცილება" მოუწყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თითქმის მთელმა შემადგენლობამ. არანაკლებ აღმაშფოთებელია, რომ ვახტანგ კომახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ მყოფი მედია ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებში გარკვევას კი არა, ჟურნალისტის პირადულ საკითხებში ქექვას შეუდგა. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სოლიდარობას უცხადებს დევნილ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მალე დადგება დრო, როდესაც თავისუფალი აზრის დევნას წერტილი დაესმება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე მასსა და მის ოჯახზე ზეწოლის გამო შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები