"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი საკუთარი ქონების დეკლარაციას აქვეყნებს.
როგორც შაშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 1999 წლის შემდეგ მის ქონებრივ დეკლარაციაში ცვლილებები არ შესულა.
"თეთრების" ლიდერის განმარტებით, თუკი მის ქონებაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არადეკლარირებულ უძრავ-მოძრავ ქონებას აღმოაჩენენ, მაშინ ისინი "ჯილდოს სახით წილს" თავად შაშიაშვილისგან მიიღებენ.
"მივმართავ საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, ხელისუფლებაში არყოფნის დროს არავის შეეძლო იმ სახლების შეძენა, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, იმ ქონების დაგროვება, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. თუ ეს ქვეყანა მართლა გიყვართ და სკამისთვის არ იბრძვით, ძალიან ბევრი გაჭირვებულია ამ ქვეყანაში და მოპარული მათ დაუბრუნეთ", - განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი მისი ქმედების მიბაძვისკენ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს და ურჩევს, საკუთარი ქონების დეკლარირება მათაც მოახდინონ.