დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია შეხვდა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის უკრაინის, ბელარუსიის, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმართველოს უფროსს, ჯონ კაერსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს, რობინ ლიდელს.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მრავალმხრივ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის რეგიონთან.