"ქრისტიან-დემოკრატებმა" თბილისის მერობის კანდიდატად გია ჭანტურია ოფიციალურად წარადგინეს.
მისი, როგორც მერობის კანდიდატის პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საკონცერტო დარბაზში მოხდა.
ჭანტურიას კანდიდატურა ფილარმონიაში მიმდინარე ღონისძიებაზე მიწვეულ
საზოგადოებას თავად პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წარუდგინა და განაცხადა, რომ "ჭანტურია იქნება ღირსეული ქალაქის პირველი ღირსეული და არჩეული მერი".
"ჩვენ ერთი ფეხი ტოტალიტარულ წარსულში გვიდგას, მეორე კი ჰაერში გვაქვს გამოკიდებული. ასე დგომა აღარ შეიძლება. ჩვენ გვჭირდება და უნდა გადავდგათ ნაბიჯი სასწრაფოდ წინ - დემოკრატიისკენ. სწორედ ასეთ გამარჯვებად უნდა ვაქციოდ თვითმმართველობის მაისის არჩევნები... ჩვენ მოვიაზრებთ გია ჭანტურიას, როგორც პირველ არჩეულ მერს. ღირსეული ქალაქი ღირსეულ მერს იმსახურებს", - განაცხადა თარგამაძემ.
თავად მერობის კანდიდატის განმარტებით კი, ის გეგმას, თუ რითი იხელმძღვანელებს დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში, ექსპერტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჩამოაყალიბებს.
"თბილისში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავათ, თუმცა უნდა შევძლოთ და თბილისელებს დავუბრუნოთ ისეთივე თბილისი, როგორიც ადრე იყო. პირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა და ენერგომატარებლებზე ტარიფის შემცირების მიღწევა", - განაცხადა გია ჭანტურიამ.