,,პრეზიდენტმა ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა წარუდგინოს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ პრეზიდენტის მოსლოდნელი გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,ნებისმიერ კანონს ვეტო ედება მთლიანად. ვეტოში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტისთვის ამნისტიის კანონპროექტის რა ნაწილია მიუღებელი. შეიძლება პრეზიდენტისთვის ნებისმიერი კანონპროექტიდან 90% მისაღები იყოს, 10% მიუღებელი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს თავისი შენიშვნები თუ რატომ არ ეთანხმება კანონპროექტს და თავისი ვერსია უნდა წარმოადგინოს კანონპროექტთან დაკავშირებით", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხმალაძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი თავის შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს მას დეპუტატები განიხილავენ.
,,პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის შენიშვნებს და ან უნდა მიიღოს, ან უარყოს. იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა მაშინ დებუტატებმა კენჭი უნდა უყარონ მიღებული კანონმდებლობის პირვანდელ რედაქციას. პარლამენტს 3/5-ის უმრავლესობით შეუძლია დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია, პრეზიდენტი ვალდებული იქნება კანონპროექტს ხელი მაინც მოაწეროს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ვეტო ვერ დაძლია კანონი ჩავარდება და მიუღებლად იქნება მიჩნეული ", - განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის შენიშვნების განსახილველად ორკვირიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ამნისტიის კანონპროექტის ნაწილს ვეტო დაადო.