სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი გასული წლის ფინანსური შედეგებით კმაყოფილია. დღეს, სასტუმრო "თბილისი - მარიოტში" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძემ პრესკონფერენცია გამართა და გასული წლის შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გასული წელი ალდაგი ბისიაისთვის წარმატებული გამოდგა. 2009 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ 68 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა 48 მილიონი ლარი.
გამყრელიძის განცხადებით, პორტფელის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. ამ მიმართულებით მოზიდული პრემია 35 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 30 მილიონს.
"გასული წლის ფინანსური შედეგები საკმაოდ წარმატებულია. კომპანია სადაზღვევო ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ მომსახურებას და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს. ეს კურსი არ შეიცვლება სერვისის გაუმჯობესებისა და გაფართოების შედეგად, ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას წელსაც ვიმედოვნებთ", - აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გასული წლის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, რომ პირველად ქართულ სადაზღვევო ბაზარზე შეიქმნა იურიდიული მომსახურების და პროცესის ხარჯების დაზღვევის პროდუქტი. ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტები ფასის და პირობების გათვალისწინებით მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.