საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რუსეთის მიერ 1-ელ მარტს დაგეგმილ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში საშიშროებას ვერ ხედვას.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გააცნო.
"პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვერ ხედავს რაიმე საშიშროებას ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში და მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომკურ მდგომარეობას ამ პუნქტის გახსნა დადებითად წაადგება", - განაცხადა მჭედლიშვილმა, თუმცა აქვე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ამ პუნქტის გახსნის შედეგად განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს არ ელის.
"თავის დროზე, ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სწორედ რუსეთის ინიცატივით ჩაიკეტა და არა საქართველოს მხარის. სწორედ რუსეთმა გამოუცხადა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა, მაშინ როცა რუსული საქონელი თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე, თავის დროზე რუსეთმა შეაჩერა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეებს არასოდეს არ შექმნიათ პრობლემები საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას... როგორც ჩანს, რუსეთმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც ზემო ლარსის ჩაკეტვას უკავშირდებოდა. ჩვენ მივესლამებით, თუ ის შეცვლის თავის სხვა გადაწყვეტილებებსაც", - განმარტა მჭედლიშვილმა.