2013 წლის 1-ლი იანვრიდან არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პროდუქციის მარკირება მოუწევთ. "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანებულების თანახმად უკვე შევიდა.
ბრძანების თანახმად, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროდუქციის თვითღირებულების 1 თეთრით გაძვირება პროდუქციის მინიმუმ 5 თეთრით გააძვირებს. რაც შიდა და საექსპორტო გაყიდვებზედაც უარყოფითად აისახება, შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც.
"ფასის ელასტიურობის ფორმულის" თანახმად, პროდუქციის 5%-ით გაძვირება რეალიზაციის 14 %-ით შემცირებას იწვევს. შესაბამისად, მოხდება 14%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება, მნიშვნელოვნად შემცირდება დღგ-ისა და საბაჟო გადასახადისგან მიღებული შემოსავლები, და რაც მთავარია - მეწარმეები იძულებულნი იქნებიან იმავე მოგების მარჟის შესანარჩუნებლად დასაქმებულთა რაოდენობაც შეამცირონ. ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებიდან სულ მალე, ფუფუნების საგნად იქცევა წყალი და უალკოჰოლო სასმელები, "ზედაზენი", "ბორჯომი," „ზანდუკელი", "რაჭის წყაროები", "ნაბეღლავი," "კოკა-კოლა," "პეპსი," "საირმე", "სნო", "ნატახტარის ლიმონათი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად გაძვირდება. და, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება", - აცხადებენ "ნატახტარში".
კანონში შეტანილ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში" დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კომენტარი გააკეთა: "ჩვენი ამოცანა არის ორი რამ: პირველი _ ბიზნესს არ შეეშალოს ხელი, მეორე - მოსახლეობას არ გაუძვირდეს პროდუქცია და კიდევ, აღურიცხავი პროდუქცია არ მოხვდეს ქსელში. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი იმისთვის, რომ არც ერთი მხარე - არც სახელმწიფო, არც ბიზნესი და არც მოსახლეობა - არ დაზარალდეს. ფასების მომატებაში ფინანსთა სამინისტრო ვერ ხედავს გამოსავალს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, სტაბილური ფასები იყოს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა იმ შემოსავლებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს "გურია ნიუსის" კითხვაზე, რომელიც ბიზნესგარემოს ხელშეწყობას, ამ სფეროში საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, არაალკოჰოლურ სასმელზე ელექტრონული აქციზური მარკირების შემოღებას, შვეიცარიულ კომპანია "სიქპაზე" მარკირების უფლების მინიჭებასა და უკვე ჩატარებული ტენდერის დარღვევებს უკავშირდებოდა, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, ბიზნესმა მაქსიმალურად კომფორტულად და თავისუფლად რომ იგრძნოს თავი.
"ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ არ შეიცვლება არასდროს - ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესმენებს და არ გაბედოს ვინმე ჩინოვნიკმა, ჩაერიოს კერძო ბიზნესში და კერძო საკუთრებაში. ხელშეწყობაში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის განვითარებას და კანონების დახვეწას, დამატებითი ბერკეტების გამოყენებას, რომ ინვესტიციები შემოვიდეს. ვაპირებთ ფონდის შექმნას და უახლოეს დროში წარმოგიდგენთ. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება კარგად და კომფორტულად იგრძნონ თავი ბიზნესმენებმა.ჩვენ ყველაფრის საქმის კურსში ვართ. ხმა ძალიან იოლად გადის, ძალიან კარგი ხმები მოდის გარედანაც იმისათვის, რომ ყველაფერი გავიგოთ. შემდეგ, ხდება ამის გადამოწმება. ჩვენ ვაპირებთ, თბილი საინვესტიციო გარემო შეიქმნას საქართველოში, რაც ბიზნესმენების თავისუფლებასა და გალაღებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს იქნება საფუძველი, შეიქმნას სამუშაო ადგილები და საქართველოს თითოეულმა მოსახლემ შეძლოს საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად შეინახოს ოჯახი", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.