დღეს, 12 თებერვალს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური წაღვერში, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია"-ას მიერ ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაწყების პროცესს დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ასევე გაეცნობა საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში წაღვერში გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობას, რომელსაც სს "იტერა -საქართველო" ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ წაღვერში 661 აბონენტს, ხოლო ბაკურიანში 908 აბონენტს დაუმონტაჟდება თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი. შედეგად ისინი ადვილად შეძლებენ მოხმარებული ელექტროენერგიის კონტროლს და მათ ელექტროენერგიის გადასახადი დაერიცხებათ საკუთარი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შეიცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები - ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისათვის "ენერგო-პრო ჯორჯია" 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
2010 წლის 1 ივლისამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში გამრიცხველიანდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" 60 669 აბონენტი. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანია 19 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ დროისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გამრიცხველიანებულია 350 000 -ზე მეტი აბონენტი.
საპრეზიდენტო პროგრამა "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში კი სს "იტერა -საქართველო" აგრძელებს გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობას ბორჯომის რაიონში. დღეისათვის დაბა წაღვერში და სოფელ მზეთამზიაში 108 აბონენტი უკვე მიიღებს ბუნებრივ აირს. უახლოვეს პერიოდში მათი რიცხვი 900-მდე გაიზრდება. 2010 წლის ბოლომდე ბორჯომის რაიონში 3000 აბონენტს შეეძლება მიიღოს ბუნებრივი აირი.