ხვალ, 12 თებერვალს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით ამჟამად ამ ღონიძიების ჩასატარებლად აფხაზეთში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიებამდე 24 საათით ადრე ე.წ. ინაუგურაციის ჩატარების ტერიტორიის მთელს პერიმეტრს განსაკუთრებულ დაცვაზე აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აიყვანს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციას სხვადასხვა რანგის 120 სტუმარიც დაესწრება.
"მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მეთაურები, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთის დელეგაციები. ასევე ფართო შემადგენლობით ჩამოვლენ დელეგაციები რუსეთის ფედერაციის საბჭოდან და რუსეთის დუმიდან", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციაზე დასასწრებას სოხუმში რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორიც გეგმავს.
"ჩამოვლენ ასვეე თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, რუსეთში ნიკარაგუასა და ვენესუელის ელჩები", _ იუწყება აფხაზური მხარე.