ქართველმა სპორტსმენმა - ლაშა პატარაიამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პატარაიამ 8 ტონისა და 280 კილოგრამის წონის სატვირთო მანქანა ცალ ყურზე მობმული თოკით 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გასწია. მსოფილო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. სარეკორდო ღონისძიება რეკორდსმენთა კავშირ "გიორგის" , ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ფირმა - "პლატინუმის" მხარდაჭერით.
რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა, სარეკორდო მასალა კი უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების ორგანიზაციაში გაიგზავნება.
32 წლის ლაშა პატარაიასთვის დღევანდელი რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის პატარაიას ყურებით გაწეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო შვეულმფრენი და ამჯერად უკვე 8-ტონიანი სატვირთო ავტომობილი.
პატარაია საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას და სამომავლოდ არაერთი სანახაობრივი რეკორდების დამყარებას გეგმავს.