"კახეთში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თავად ექიმები არიან. რაიონული პოლიკლინიკებისა და სოფლებში არსებული საოჯახო მედიცინის ცენტრების ან სოფლის ამბულატორიების ექიმები სოციალურად დაუცველებს კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებში დაზღვევას ავალდებულებენ", _ აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის რეგიონული კოორდინატორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სადაზღვევო კომპანიის საკუთარი სურვილით შერჩევის საშუალება არ ეძლევათ.
"პოლიკლინიკების ექიმები თავად წარმოადგენენ სადაზღვევო კომპანიებს. შესაბამისად, ექიმები სოციალურად დაუცველებს იმ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევას ავალდებულებენ, რომლის წარმომადგენლებიც არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები სოციალურად დაუცველებს აშინებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებას არ გაუწევენ, სხვა სადაზღვევო კომპანია ოპერაციას ან მკურნალობას არ დაუფინანსებს და ა.შ", - აღნიშნა მთივლიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის თქმით, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის სადაზღვევო პოლისების დარიგება. ამ პროცესის დროს გამომჟღავნდა სადაზღვევო კომპანიებსა და ექიმებს შორის გარკვეული გარიგების ფაქტები. კვიტაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა კონკრეტული შემთხვევების დასახელებისაგან. მინისტრმა გააფრთხილა პოლიკლინიკების, ამბულატორიებისა და სოფლის ექიმები, რომ თუკი მსგავსი ფატები განმეორდება და ექიმები სადაზღვევო კომპანიებთან რაიმე სქემაში შემჩნეული იქნებიან, მათ მიმართ მკაცრი ზომები გატარდება.
კვიტაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიის შერჩევის პროცესი პიროვნებისთვის ნებაყოფილობითია და ექიმები არ უნდა ეუბნებოდნენ სადაზღვევო პოლისის მფლობელს, სად დაეზღვიონ.
2010 წელს უმწეოთა სადაზვევო ვაუჩერს 53 500-მდე ოჯახი და 173 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს.