ხვალ, 8 თებერვალს, საქართველოს ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს ადგილზე გაეცნობიან.
წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი ბიზნესმენები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, განსახორციელებელი პროექტებით ინტერესდებიან.
ქართული მხარე ესპანელი ბიზნეს წრეების ასეთ მასშტაბურ ვიზიტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ესპანური კომპანიების ფართო სპექტრი, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრები ხუან მოსკოსო, ალექს საესი და ესპანელი ბიზნესმენი კარლოს კაბა მიიღო. შეხვედრაზე სავაჭრო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირში საქართველოს ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა სტუმრებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ამიტომ საქართველომ ეს პერიოდი აქტიურად უნდა გამოიყენოს.
"ესპანელი დეპუტატების განწყობა საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიურია. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება" - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
თავის მხრივ, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრ ხუან მოსკოსომ აღნიშნა, რომ ესპანეთს საქართველოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და სამომავლოდაც დიდი გეგმები გააჩნია.
"ეს ეხება როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ აგრეთვე "აღმოსავლური პარტნიორობის" ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროკავშირის სამომავლო განვითარებაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ვაჭრობის სფეროში" - განაცხადა ხუან მოსკოსმა.