ხვალ, 8 თებერვალს, 11:00 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბრიფინგი საქპატენტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი" წარმოადგენს თვითდაფინანსებაზე მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი მთავარი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
ინტელექტუალური საკუთრება არის უფლებები მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებზე, რისი დაცვაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისთვის.
საქპატენტი ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების შემდეგი ობიექტების დაცვას: გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების და, ასევე, ახდენს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირებას.
საქპატენტის მიერ დაარსებიდან დღემდე საქართველოში რეგისტრირებულია 20245 და საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით დაცულია 26704 სასაქონლო ნიშანი; რეგისტრირებულია 18 ქართული, და 787 საერთაშორისო შეთანხმებით დაცული უცხოური ადგილწარმოშობის დასახელება; გაცემულია პატენტი: გამოგონებაზე _ 4900, მათ შორის, ადგილობრივი _ 2636; სასარგებლო მოდელზე _ 1563, მათ შორის, ადგილობრივი _ 1542, სამრეწველო ნიმუშზე გაიცა 409 პატენტი, ხოლო საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით დაცულია 1757 სამრეწველო ნიმუში.
ამჟამად საქპატენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე ორგანიზაციაში ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც, პირველ ყოვლისა, ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, დანახარჯების მაქსიმალური დაზოგვისკენაა მიმართული (მაგ. გასულ წელს ორგანიზაციის სხვადასხვა ხარჯი მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა, დღევანდელი ბიუჯეტის ფორმირების შედეგად ხარჯები 450 ათასამდე შემცირდა), რეგისტრაციის საფასურებიდან შემოსული თანხა მაქსიმალურად გადანაწილდება თანამშრომლებზე და, საჭიროებისამებრ, მოხმარდება ორგანიზაციას, ხოლო ზედმეტი შემოსავლები სახელმწიფოს ბიუჯეტში გადაირიცხება.
ოპტიმიზაცია სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე განვითარდა. ამით საქპატენტში მომუშავეთა ძალზე სპეციფიკური სფეროს წარმომადგენლების ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია.
უკვე მომზადდა საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების პროექტი და ახალი კანონპროექტი დიზაინის შესახებ, ასევე მომზადდა ცვლილებების პროექტი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციისათვის დადგენილ საფასურებზე. ეს პროექტები გადაგზავნილია მთავრობაში შემდგომი განხილვისთვის.
შეიქმნა ორგანიზაციის ახალი სიმბოლიკა, რომელიც ბრიფინგზე იქნება წარმოდგენილი.
იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ინტენსიური თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნების, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. თუშური ცხვარი, ჭოპორტის პამიდორი, ტყემალი, სულგუნი, ჩურჩხელა და სხვა ევროკავშირის ქვეყნებში მოიპოვებს დაცვას, რაც ჩვენი ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის და მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
ასევე, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის სამინისტროსთან ფოლკლორული მემკვიდრეობის, მათ შორის, ეროვნული ტანსაცმლის რეგისტრაციის თაობაზე.
დასახულია აქტიური თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა არ მოხდეს ცნობილი, საყოველთაოდ გამოყენებადი მედიკამენტების დასახელებების მონოპოლიზაცია ფარმაცევტული კომპანიების მიერ.
ინტელექტუალური საკუთრების კარგად დაბალანსებული სისტემები და სტრუქტურები აქტიურ როლს შეასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთიან სტრატეგიაში.