საქართველოს ახალ ხელისუფლებას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია შემოსვლა, - ასე აფასებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ნაცვლად, კაპიტულაცია ელოდება და საქართველოზე რეალურ გამარჯვებას კრემლს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის იმ იდეების კეთილშობილება, აუცილებლობა და სასურველობა, რასაც ახალი ხელისუფლება დეკლარირებს საგარეო პოლიტიკური კუთხით, თუმცა მისი აზრით, რუსეთის აგრესიული ტონიდან გამომდინარე, პირველი რიგისა და საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანა საგარეო პოლიტიკური რისკების გაანალიზება - გათვლა და განეიტრალებაა.
"მსგავსი გეგმები და მსგავსი რიტორიკა რუსეთში რომ არსეობს ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ჩემთვის გასაკვირი არ არის ისიც, რომ ეს რიტორიკა კიდევ ერთხელ ამოვიდა ზედაპირზე სწორედ ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. იმიტომ, რომ ძალიან თვალში საცემია საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და ამერიკის ინტენსიური, ზეინტენსიური, მე ასე ვიტყოდი, ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება საქართველოში უშუალოდ აშშ-ის ელჩის სახით",_ აცხადებს ლაგაზიძე და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს დაწყებული პირველი ოქტომბრიდან მთავრობის ფორმირების პროცესით დამთავრებამდე აშშ-ს მთავრობის აქტიურობა საქართველოს მიმართ. მისივე თქმით, აშშ-ის დაინტერესების შესახებ ამერიკული პრესაც წერდა.
"სწორედ ამიტომ ისინი, ამ შემთხვევაში აშშ დროსა და სივრცეს არ კარგავს იმისთვის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების გარშემო საგარეო პარტნიორის სივრცე მთლიანად აითვისოს. ეს მათ შორის ჩანს საკადრო რესურსშიც - აშშ მინიმუმ კონსულტაციების დონეზე, ძალიან აქტიურად ერევა იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელსაც ის არ იცნობს ისე ღრმად როგორც სააკაშვილისას და ამ თვალსაზრისით მაქსიმალურ გარანტიებს დებს", - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ახლაც, ამ ბოლო პერიოდში აშშ-ს ელჩის ვიზიტები ივანიშვილთან ძალიან ინტენსიური გახდა - მას შემდეგ, რაც დაიწყო მინისტრის მოადგილეების დანიშვნის პროცესი და ესეც რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის.
ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, ამ რანგის სახელმწიფო მოხელეების დანიშვნაც კი ამერიკის მხრიდან ძალიან დიდ ინტერსესს იწვევს, რასაც ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციაც კარგად ხედავს.
"ბუნებრივია, ამას თუ ჩვენ ვხედავთ, ხედავს რუსეთიც და ეს იმდენად ზედაპირზე დევს, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული თვალყურის დევნებაც არ სჭირდება. ეს კი რუსეთში ასეთ აგრესიულ რიტორიკას იწვევს იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესი ამ შემთხვევაში სრულიად აცდენილია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ამიტომაც მათი ტონი, როგორც ასეთი, ჩემთვის მოულოდნელი არ არის. უფრო მეტიც, შეიძლება ახლო მომავალში ახალი ხელისუფლების პირობებში რაც უფრო ინტენსიური გახდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მით უფრო მეტი აგრესია შეიძლება ვიხილოთ რუსეთის მხრიდან",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლაგაზიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პირობებში დგება საკითხი იმისა, რომ ტონი ერთია, მაგრამ ის მუქარა რამდენად რეალური შეიძლება იყოს - ეს მეორე.
"აქაც, ერთია თვალთახედვა, სურვილი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალიან აგრესიული ფრთისა და მეორეა - რამდენად შესაძლებელია ამისი განხორციელება. იმიტომ რომ რუსეთი ხომ არ არის მარტო ამ თავის სურვილებთან. აქ არის ძალიან მაგარი შემაკავებელი ფაქტორები ამერიკისა და არანაკლებ მნიშვნელოვანი - თურქეთის სახით და ამ ორი ფაქტორის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს რუსეთს, როდესაც საკუთარი სურვილების განხორციელებაზე დაიწყებს ფიქრს საქართველოსთან მიმართებაში", _ მიიჩნევს ექსპერტი და არანაკლებ გასათვალისწინებელ ფაქტორად აღიარებს იმას თუ რამდენად ძლიერი იქნება ის საპირწონე, რომელსაც რუსეთი წააწყდება საქართველოსთან მიმართებაში.
"ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ საკადრო ინტერესს არამედ იმას, რომ ამერიკის ძალიან მაღალჩინოსნების პირით საქართველოს პირდაპირ ეთქვა, რომ საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, როდესაც კლინტონის მოადგილე იყო ჩამოსული და ივანიშვილს ხვდებოდა, მე ყველაზე მეტად ის მენიშნა, რომ ჟურნალისტის კითხვას მან ასეთი პასუხი გასცა: ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს როლი თურქეთ-სირიის კონფლიქტში და ეს როლი ძალიან მნიშვნელოვნად გვესახებაო, რაც სრულიად ახალი შტრიხი იყო და პირდაპირ გამოხატა ამერიკის, ამ წუთას ლოკალური ინტერესი საქართველოს მიმართ.
ამას შემდეგ უკვე ამას დაერთო აპატურაის ვიზიტი, როდესაც მან პირდაპირ დაუკავშირა საქართველოს წვლილი ავღანეთში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ანუ ამერიკამ ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან მკვეთრად შემოგვიხაზა ჩვენით დაინტერესების მიზეზები", _ აცხადებს ექსპერტი და მიუთითებს, რომ ყოველივე ეს მოწმობს თუ რამდენად ღრმა არის ამერიკის ინტერესი, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.
"ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საპირწონე დგას ამერიკის სახით, რომელიც რუსეთს ასე მარტივად ასასრულებელს ვერ გაუხდის იმ სურვილებს, რომელიც მას საქართველოს მიმართ გააჩნია", _ აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ექსპერტი ამ ჭრილში ასევე დიდ ყურადღებას უთმობს კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პროგრამას.
"ამავდროულად, "ქართული ოცნების" საგარეო პროგრამის სახით ჩვენ ისეთ სამკუთხედთან გვაქვს საქმე, რომლის სამივე კუთხე ერთმანეთს ეწინააღმდეგება", _ ამბობს ექსპერტი. მისივე თქმით: " ეს არის ევროატლანტიკური სწრაფვები საქართველოსი თავისი თურქეთ-სირიის კონფლიქტში როლით და ავღანეთით და ა.შ. მეორე კუთხე არის საქართველოს ეკონომიკური აღორძინება რუსეთთან მიბმით და მასთან ეკონომიკური ურთიერთობების განახლებით და მესამე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა".
" ეს სამი კუთხე ერთმანეთთან ვერაფრით თავსებადობაში ვერ მოდის და რუსული განცხადებები თითქოს ამას მოწმობს კიდეც. მართალია, აპატურაიმ განაცხადა, რომ მათთვის პრობლემა არ არის ის თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს დაამყარებს, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები - პრობლემაა რუსეთისათვის",_ აცხადებს ექსპერტი და საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მაგალითის გათვალისწინებას საკმაოდ მიზანშეწონლად მიიჩნევს. მისი თქმით, აზერბაიჯანი ახერხებს იმას რა კუთხითაც ჩვენ უნდა ვიაროთ.
"ამ შემთხვევაში მე სულ მომყავს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მაგალითი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, რომ სანიმუშოა საქართველოსთვის ანუ აზერბაიჯანი ახერხებს იმას რა კუთხითაც ჩვენ უნდა ვიაროთ. აზერბაიჯანის მიმართ უზარმაზარი ინტერესი აქვს ამერიკას ასევე რუსეთთსაც, მაგრამ აზერბაიჯანი ახერხებს იმას, რომ ყველა კონკრეტულ და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემთხვევაში იქით შესთავაზოს თავისი პოზიცია, ყოველ შემთხვევაში თავისი პოზიცია დააფიქსიროს და ამ პოზიციიდან ესაუბროს ერთის მხრივ ამერიკას და მეორეს მხრივ რუსეთს.
ამისი ძალიან კარგი ბოლო მაგალითი იყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ - "ჩვენ ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად აზერბაიჯანის მიწას არავის დავუთმობთო". ამავე დროს, იგივე აზერბაიჯანი ძალიან ინტენსიურად ურთიერთობს ნატოსთან.
პირველ ეტაპზე ჩვენ ესეც კი არ მოგვისინჯავს, ანუ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ გვეწარმოებინა ჩვენი თვითკმარი პოლიტიკა და ჩვენი პოზიციით წარვმდგარიყავით გნებავთ ამერიკასთან და გნებავთ რუსეთთან და არ ვყოფილიყავით სხვისი პოლიტიკის დანამატი", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს რომ დღეს იმდენად რთული საგარეო პოლიტიკური ფონია, რომ საქართველო მარტივად შეიძლება იქცეს ისეთივე დარტყმის ობიექტად როგორიც იყო 2008 წელს.
"ვინაიდან დღეს იმდენად რთული საგარეო პოლიტიკური ფონია, რომ საქართველო მარტივად შეიძლება იქცეს ისეთივე დარტყმის ობიექტად როგორიც იყო 2008 წელს, იმიტომ რომ სირიის თემა ასე აქტიურად დგას და რუსეთი თურქეთს პირდაპირ ეუბნება, რომ თურქეთის სირიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ის აუცილებლად მიმართავს საპასუხო ზომებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საპასუხო ზომები იყოს სწორედ საქართველოზე გატარებული. თუ უკვე ერთხელ საქართველო გამოყენებულ იქნა პრევენციის იარაღად ევროპისა და ნატოსთვის დღესაც რატომ არ გამოიყენებს რუსეთი საქართველოს სწორედ ამგვარად? ასე რომ, ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ახალ ხელისუფლებას შემოსვლა და მე მესმის, იმ იდეების კეთილშობილება, აუცილებლობა და სასურველობაც რასაც ისინი დეკლარირებენ საგარეო პოლიტიკური კუთხით, მაგრამ ამავე დროს არის სწორედ სხვა ამ ტიპის ნაბიჯები გასათვალისწინებელი და მიმაჩნია, რომ პირველი რიგის ამოცანაა საგარეო პოლიტიკური რისკების გაანალიზება გათვლა და განეიტრალება, იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი ეს აგრესიული რიტორიკა არ იქცეს მორიგ რეალობად. ვფიქრობ, რომ პირველი რიგის ამოცანა არის ამ რიტორიკის განეიტრალება და შემდეგ უკვე კონკრეტული ინიციატივებით გამოსვლა", _ ამბობს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.