აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლის მზაობის ნიშნებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი ომის გაგრძელება იმაზე მეტად აქვს გადაწყვეტილი, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ NBC News იუწყება.
აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა და კონგრესის მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ბოლოდროინდელი შეფასებით, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უფრო მეტად აქვს გადაწყვეტილი უკრაინაში ომის გაგრძელება და ბრძოლის ველზე გამარჯვება.
კონგრესის წევრებისთვის ამ თვეში გამოქვეყნებულ ანალიზში ვერ იქნა ნაპოვნი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს.
კიდევ ორმა წყარომ განაცხადა, რომ შეფასება შეესაბამება იმას, თუ როგორ აღიქვამდნენ აშშ-ის და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები რუსეთის რეჟიმის პოზიციას 2022 წლის თებერვლიდან.
თუმცა, წყაროების ცნობით, ახლა პუტინი უფრო აგრესიულ პოზიციას იკავებს, ვიდრე ოდესმე.
თეთრმა სახლმა უარი თქვა დაზვერვის ბოლოდროინდელ შეფასებაზე კომენტარის გაკეთებაზე და მიუთითა ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარებზე.
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის მასშტაბური სანქციები მათი ორი მსხვილი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ის იმედოვნებს, ომის დასრულებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა წყარომ.