აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს უპასუხოს ჰამასის თავდასხმებს.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
"როგორც მე მესმის, მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ამიტომ, ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და ისინი ვალდებული არიან დარტყმით უპასუხონ. როდესაც ეს მოხდება, მათ უნდა უპასუხონ... არავინ იცის, რა დაემართა ისრაელელ ჯარისკაცს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს სნაიპერის ცეცხლი იყო. და ეს იყო შურისძიება და მე ვფიქრობ, რომ მათ [ისრაელელებს] ამის უფლება აქვთ", - განაცხადა ტრამპმა
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ არაფერი შეუქმნის საფრთხეს ცეცხლის შეწყვეტას.
"უნდა გესმოდეთ, რომ ჰამასი ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს ძალიან მცირე ნაწილია და ისინი წესიერად უნდა მოიქცნენ... თუ ისინი [ჰამასი ]კარგები არიან, ბედნიერები იქნებიან, ხოლო თუ ცუდები, განადგურდებიან,“ - აღნიშნა ტრამპმა.
ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა.
ცბობისათვის, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა.
როგორც მედია იუწყება, ისრაელმა, სულ მცირე, სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა. დარტყმები მიმართული იყო ღაზის ჩრდილოეთით, ყველაზე დიდი, ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ აჭიანურებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას.