საქართველოს მმართველი პარტია სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას სთხოვს, - ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემა "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმიანება.
გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია, პოლიციამ კი გააძლიერა იმ მომიტინგეების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ესწრებიან.
"საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და რომ სარჩელის მიზანია სამი პარტიის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკ „ძლიერი საქართველოს“ - კანონგარეშედ გამოცხადება.
„ეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, აღნიშნული პარტიები მკვეთრად პროდასავლურ ორიენტაციას ატარებენ, მაშინ, როცა პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურას ამარტივებს.
Reuters წერს, რომ მმართველმა პარტიამ გაყინა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ბლოკი თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში დაადანაშაულა, რასაც ევროკავშირი უარყოფს.